ახალი ამბები

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გასულ ღამეს კახეთში მომხდარი სტიქიის შედაგად ზარალი მიადგა ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებს.

სტიქიის ზონაში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი.

ისინი დაზარალებულ მევენახე ფერმერებს შეხვდნენ. ამ დროისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ ზარალის აღნუსხვა მიმდინარეობს.
„მინდა ვუთხრა ფერმერებს, რომ ისინი მარტო არ იმყოფებიან სტიქიის შედეგებთან და მთავრობა მობილიზებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტის მერია. მაქსიმუმს გავაკეთებთ და დავუგდებით გვერდში ჩვენს დაზარალებულ მოსახლეობას. დასეტყვილი ყურძნის მიღება დღეს დილიდან უკვე დაიწყეს ქარხნებმა, ასევე კომუნიკაცია შედგა სადაზღვევო კომპანიებთან და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ისინი უკვე მოდიან ადგილზე ვითარების გასაცნობად, რათა დროულად მოხდეს ზარალის შეფასება“,- – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის თქმით, ვინც სარგებლობდა სახელმწიფო აგროდაზღვევით ყველა ფერმერს აუნაზღაურდება ზარალი.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში – ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტის სოფლებს – გავაზი, გრემი, სანავარდო, კუჭატანი და შილდა, ასევე, ქ.ყვარლის სავარგულებს. დასეტყვილია სასოფლო – სამეურნეო სავარგულები.
ამავდროულად, სტიქიამ პრობლემები შექმნა თელავი – ყვარელის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, სადაც წაქცეული ხეების შედეგად მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც. სოფელ აკურაში სტიქიამ გაანადგურა ვენახები.
სეტყვამ დააზარალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. სეტყვამ დააზარალა სოფლები: ველისციხე, ვაჩნაძიანი და ვაზისუბანი.