თელავის სასამართლო ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
თელავის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე თამარ კაპანაძე იმსჯელებს.
სასამართლო სხდომა 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესის დღეს ჩატარება ადვოკატებმა მოითხოვეს.
ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დღეს გამართვის მოთხოვნის მთავარი მიზეზია, რომ ზურაბ ზვიადაურმა ძმის დაკრძალვაზე დასწრება შეძლოს.
,,თავს არ ვთვლი დამნაშავედ. თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ეგ ერთი და რაც არის მოყვანილი, არ იყო ისე, დანარჩენს ადვოკატები გასცემენ პასუხს”, – ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ წარდგენილი ბრალი გააცნო.
ადგილზე იმყოფება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.
შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

