ახალი ამბები

კახეთში მობილური ამცრელი ჯგუფების მიერ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

კახეთის რეგიონში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID 19 – ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მიზნით, მობილური ამცრელი ჯგუფები ჩავიდნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების – ფიროსმანისა და სამთაწყაროს მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცედურა ჩატარდა. ვაქცინაციის ჩატარების სურვილი რამდენიმე ათეულმა ადგილობრივმა გამოთქვა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი აღნიშნულ სოფლებში იმყოფებოდნენ და მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რათა შორ მანძილზე, მუნიციპალურ ცენტრებში წაუსვლელად, სოფლებში შეძლონ ვაქცინაციის ჩატარება, ეს იქნება მობილური ამცრელი ჯგუფებისა თუ ადგილზე არსებული ამბულატორიებისა და ექიმების მეშვეობით“- აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

მანამდე ვაქცინაცია მობილური ჯგუფებით თელავსა და საგარეჯოში ჩატარდა.