სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში მობილური ამბულატორიები ჩაერთვებიან
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციისთვის, როგორც ადგილზე არსებული ამბულატორიების რესურსის გამოყენებას, ასევე მობილური ამბულატირიების პროცესში ჩართვას გეგმავს.
ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ იმ სოფლებში, სადაც ამბულატორია ვაქცინაციისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებს ვაქცინაციის მსურველებისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოხდება, რომ ისინი ჩავიდნენ მუნიციპალური საავადმყოფოში და იქ აიცრან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და მარტივად იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინაცია. იქნება ეს მობილური ბრიგადის საშუალებით თუ ადგილზე ვაქცინაციის საშუალებით, ეს ყველაფერი დაიგეგმება მუნიციპალური დონის საავადმყოფოების მიერ, რომელიც პასუხისმგებლები არიან მათთან საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფარგლებში რეგისტრირებული მოსახლეობის ვაქცინაციაზე. ეს არის დაახლოებით, 1 მილიონამდე მოსახლეობა სოფლად. ჩვენ უკვე დავიწყეთ მობილური ამბულატორიებით სოფლის მოსახლეობაში გასვლა და ვაქცინაცია. გარკვეულწილად, ამ ინიციატივის მასშტაბი შეზღუდულია, თუმცა, ვფიქრობთ მის გაფართოებაზე და ამაში გლობალური ფონდი გვეხმარება. არსებობდა შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მობილური ამბულატორიები და მათ გამოყენებას ვახერხებთ ახლა.
რაც შეეხება სოფლის ექიმების ჩართულობას, როგორც მოგეხსენებათ, სოფლის ამბულატორიების მდგომარეობა არათანაბრად არის განვითარებული. არის რიგი ამბულატორიები, დაახლოებით, 400-მდე, რომელიც გასულ წელს გარემონტდა და აღიჭურვა, ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ადგილზე აწარმოონ ვაქცინაცია და ცივი ჯაჭვის დაცვაც შესაძლებელია, არის მაცივარი და პირველადი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობაც აქვთ ადგილზე ოჯახის ექიმებს, რადგან ისინი დიდი ხანია ბავშვების ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობენ. სადაც ასეთი შესაძლებლობა არ არის, მოხდება მოსახლეობის ხელშეწყობა ტრანსპორტირების კუთხით, რომ ისინი ჩამოვიდნენ მუნიციპალური საავადმყოფოში და იქ აიცრან“, – განაცხადა გაბუნიამ.