ახალი ამბები

არქიმედეს კლინიკა- ინფორმაცია თითქოს ექთანი აცრის შემდეგ გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება

3 აგვისტოს, შპს „არქიმედეს კლინიკის“  წნორის ფილიალის მთავარი მედდა, ნანა ქაჩლიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

51 წლის მედდას რამდენიმე დღის განმავლობაში ლაგოდეხის კოვიდ -მიმღებ კლინიკაში მკურნალობდნენ.

ექიმების განმარტებით, გარდაცვლილს მძიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა და მან ვირუსთან გამკლავება ვერ შეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას კლინიკა ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღის მთავარი მედდა ქალბატონი ნანა ქაჩლიშვილი – თავისი საქმის პროფესიონალი, გულისხმიერი, საუკეთესო კოლეგა და კარგი ადამიანი. თანაგრძნობას ვუცხადებთ ქალბატონი ნანას ოჯახს”, -წერია სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიუხედავად ინფორმაციისა, ფეისბუქზე რამდენიმე ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედდა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კლინიკის მენეჯერის, ნუკრი ყარალაშვილის თქმით,  ექთანი კოვიდის გართულების შედეგად გარდაიცვალა. მისი თქმით, ცნობები ექთნის ანაფილაქსიურ შოკთან და აცრის გამო გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია.

ფოტო: არქიმედეს კლინიკა