ახალი ამბები

პოლონეთში გარდაცვლილი ახალგაზრდას დედა შვილის ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად დახმარებას ითხოვს

პოლონეთში გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდის დედა, შვილის ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად ვარშავაში წასვლას თავად გეგმავს და იქ მცხოვრებ ქართველებს დახმარებას სთხოვს.

პოლონეთში ემიგრაციაში წასული ქართველების ჯგუფში, დიტო ხალხელაურის დედა, ია ოჩიაური წერს, რომ ექსპერტიზის მიერ დადგენილ კიდევ ერთ თვეს ვეღარ დაელოდება.

“აუცილებლად უნდა წავიდე ვარშავაში. აქამდეც უნდა წავსულიყავი წესით, მაგრამ ადვოკატის იმედად ყველაფერი უკუღმა წავიდა. ვერ დაველოდები კიდევ ერთი თვე. დახმარება მჭირდება. იმედია ისე არ მიგვატოვებენ”- აცხადებს ია ოჩიაური.

გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობრები ამბობენ, რომ არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან და არც პოლონეთის პოლიციიდან ოჯახს ინფორმაციას არ აწვდიან.

“ამ წუთამდე არ გვაქვს ინფორმაცია, როდის მოხდება გადმოსვენება, ან საერთოდ გადმოასვენებენ თუ არა. არ ვიცით ასევე არის თუ არა გარდაცვლილი, ნამდვილად დიტო ხალხელაური. ამოცნობაც კი არ ჩაუტარებიათ. ან რა მტკიცებულებაა, რომ თავი მოიკლა, ან სად გაქრა მისი ნივთები სახლდან? არც ერთ კითხვაზე, პასუხი არ გვაქვს”– ამბობს დიტოს ერთ- ერთი მეგობარი.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები დიტო ხალხელაური, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 11 ივნისს გაუჩინარდა. 19 ივნისს, მისი ცხედარი მდინარეში იპოვეს. ვარშავის პოლიციის ვერსიით,მან თავი მოიკლა.

თითქმის თვენახევარია გარდაცვლილი ახალგაზრდა, ვარშავის ერთ – ერთ პროზექტურაში ასვენია და სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზას დღემდე არ დაუდგენია. ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია ისიც, როდის იქნება შესაძლებელი გარდაცვლილის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენება.