ახალგაზრდა მეწარმე წნორში ბიომეურნეობის გაფართოვებას გეგმავს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ქალაქ წნორში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმე ნიკა ბაგალიშვილი წარმოების გაზრდას გეგმავს. ამ ეტაპზე მეწარმეს სხვადასხვა სახის ფერადი ბოსტნეული მოჰყავს. იგი აწარმოებს რამდენიმე სახის ბიო პროდუქტს და მზესუმზირის ზეთს.
მიუხედავად პანდემიისა, მეწარმე უახლოეს მომავალში ბიო მეურნეობა ,,სამყურას“ გაფართოვებას გეგმავს. აშენებს აგროტურისტულ ცენტრს. ასევე აპირებს კაფეს და სათბურის მშენებლობას.
ახალგაზრდას შავი პომიდორი, ფერადი წიწაკები, იასამნისფერი სტაფილო და კარტოფილი მოჰყავს. მისი განცხადებით, ეს დაეხმარება ტურისტების მიღებაში, მათთვის სხვადასხვა საინტერესო სერვისის შეთავაზებასა და მთელი წლის მანძილზე პროდუქტის მოყვანაში.
,,წელს ბაზარს რამდენიმე სიახლე შევთავაზეთ, როგორც ბოსტნეულის ნაწილში, ასევე პირველად გვაქვს ბაბუაწვერა მურაბა. იასამნისფერი კარტოფილი და სტაფილო. ქოთნის ფერადი და ძალიან ცხარე წიწაკები. ასევე წელს, მაქვს შავი პომიდორი, რომელიც ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავია და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივისგან. განსაკუთრებული ინტერესი იასამნისფერმა კარტოფილმა გამოიწვია. ფეისბუქზე პოსტის დადებისთანავე, ერთ-ერთმა რესტორანმა მომწერა, რომ რაც კი მაქვს მოსავალი, მთლიანად სურთ შეძენა. ვგეგმავთ გაფართოებას და ამ თვის ბოლოდან ვიწყებთ კაფის, აგვისტოს შუარიცხვებიდან კი სათბურის მშენებლობასაც. ამის შემდეგ, ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური. ზამთარში ძალიან მოთხოვნადია ხოლმე ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, რომლებიც ბავშვთა კვებაში გამოიყენება და ეს ორი, აუცილებლად გვექნება“, – განაცხადა ბაგალიშვილმა.
ნიკა ბაგალიშვილი აგროტურისტული ცენტრის აშენებასაც გეგმავს. შენობა, რომლის აშენებასაც ფერმერი საკუთარ მეურნეობაში გეგმავს, ორსართულიანი იქნება. პირველ სართულზე ღია სივრცე მოეწყობა, მეორე კი დახურული, სადაც იქნება სამზარეულო და სადეგუსტაციო სივრცე.
ნიკა ბაგალიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ სივრცეს ტურისტული დატვირთვა ექნება და ვიზიტორებს მის მიერ მოყვანილი ბიო პროდუქტების დაგემოვნება შეეძლებათ.
,,აღნიშნული ცენტრის მშენებლობის მიზანია ჩემი მეურნეობა გახდეს აგროტურისტული. ამ კუთხით ვგეგმავ გააქტიურებას. გარდა ტურისტების მიღებისა, მოხდება ბიომეურნეობის და ბიოპროდუქტების პოპულარიზაცია”,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკა ბაგალიშვილმა. მისივე თქმით, აგროტურისტული სივრცის მაკეტის შედგენაში მეგობრები დაეხმარნენ.
,,მეგობრები მყავს არქიტექტორები და ისინი დამეხმარნენ შენობის გეგმისა და მაკეტის დამზადებაში. შენობა, რომელიც ჩემს მეურნეობაში აშენდება ორსართულიანი იქნება. პირველი სართულზე იქნება ღია სივრცე და მეორეზე კი დახურული. ნებისმიერ მომსვლელს შეეძლება მოვიდეს დააგემოვნოს ბოსტნეულისგან დამზადებული კერძები”,- აღნიშნა ნიკა ბაგალიშვილმა.
ბიო მეურნეობა „სამყურა“ წნორში მდებარეობს და მათი წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება. ნიკას ინფორმაციით, მის მიერ მოყვანილ ბიო პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო. ნიკა ბიოპროდუქტების მოსაყვანად აგროქიმიკატებს არ მოიხმარს. მეწარმე ბოსტნეულს მხოლოდ ბუნებრივი სასუქით ამდიდრებს.
,,პანდემიის დროს როცა გადაადგილების პრობლემა იყი ონლაინ ვყიდდი ჩემს პროდუქციას. ზაფხულში მქონდა მიტანის სერვისი მოპედით, თუმცა შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო, მომიწია გამეუქმებინა. ძირითადი გასაღების ადგილი თბილისია. ჩემს პროდუქტზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია და რეალიზაციის პრობლემა ჯერ არ მქონია. სტანდარტულ ფასთან შედარებით ჩემი პროდუქცია ძვირია.’’