საგარეჯოში მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად მთავრობა ახალ ინვესტორს ეძებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად მთავრობა ახალ ინვესტორს ეძებს და ახალი ინტერესთა გამოხატვაც გამოცხადდა.
ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, რომელსაც გადასცემს „საქართველოს მზის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში 90%–იან წილს.
ელექტროსადგური სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, მისი დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,450,000 აშშ დოლარია, საიდანაც ფონდის 10%-ს გაიღებს.
პროექტის განხორციელებაზე საუბარი წლების მიდის. გამოცხადდა ტენდერიც, სადაც გამარჯვებულად “სოლარ ფაუერ ჯორჯია” გამოცხადდა, თუმცა,პროექტი ვერ განხორციელდა. პროექტის გაჭიანურება ძირითადად კომერციულმა საკითხებმა გამოიწვია, რადგან აღნიშნული ობიექტის ინვესტორებს საქართველოს მთავრობასთან გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (PPA) გაფორმებული არ ჰქონდათ და უდაბნოში აშენებული მზის სადგურის ელექტროენერგია ბაზარზე, სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა გაიყიდოს.