ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.
მათივე ინფორმაციით, ნაკრძალის მისამართით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.
,,რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ ფიქსირდება. მეხანძრე მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე აგრძელებს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.