ახალი ამბები

ზოგიერთი სახეობის პური, სავარაუდოდ, 10 თეთრით გაძვირდება

ზოგიერთი სახეობის პური შესაძლოა 10 თეთრით გაძვირდეს. სპეციალისტების თქმით, ამის მიზეზი პირველი ივლისიდან სახელმწიფოს მიერ პურის ფასის სუბსიდირების შეწყვეტაა.

პურის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ სუბსიდიის შედეგად პურის მწარმოებლები ფქვილს შეღავათიან ფასად ყიდულობდნენ, რაც განსაზღვრული კატეგორიის პურზე ფასის შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნიდა. სუბსიდიის გაუქმების შემდეგ კი ფქვილის შეძენა საბაზრო ფასად მოუწევთ, რაც ქმნის რისკებს, რომ პურის ფასი შესაძლოა საშუალოდ 10 თეთრით გაიზარდოს.

,,გაძვირდა ყველაფერი და სუბსიდიის ბოლო ეტაპზე უკვე 53 ლარად ნაყიდი ტომარა ფქვილის შემთხვევაშიც კი გვიჭირდა ფასის შენარჩუნება. ვითარებას ამძიმებს კორონარეგულაციებიც, რომლის გამოც ყველა პური შეფუთული უნდა იყოს, ეს კი თითო პურისთვის 12-15 თეთრის ხარჯია. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რა ფასად მივიღებთ ფქვილს სუბსიდიის შეწყვეტის შემდეგ და ამის პასუხი ჯერ არა გვაქვს. ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც”,-განაცხადეს პურის მწარმოებელთა ასოციაციაში.