ახალი ამბები

გურჯაანში საბავშვო ბაღების 37 მენეჯერიდან ატესტაცია მხოლოდ 19-მა გაიარა

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ საბავშვო ბაგა- ბაღების მენეჯერებისთვის შიდა ატესტაცია ჩაატარა. ატესტაციის მიზანი იმ კრიტერიუმების შეფასება იყო, თუ რამდენად შეესაბამება თითოეული მენეჯერი დაკავებულ თანამდებობას. ატესტაცია 37 მენეჯერიდან მხოლოდ 19-მა გაიარა.

მენეჯერების ატესტაცია, 2024 წელს დაგეგმილ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესს უკავშირდება. გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, 2020 წელს გურჯაანის მინიციპალიტეტის მერიამ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების წესდებაში შეიტანა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საბავშვო ბაგა- ბაღების მენეჯერები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა დაექვემდებარონ ატესტაციას.

“2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”, რომლის თანახმადაც მთავრობის მიერ შემუშავდა და დამტკიცდა შესაბამისი სტანდარტები. გარდა ამისა, გაიწერა და კანონში ჩაიდო ყველა ის პროცედურა, რომელიც ყველა საბავშვო ბაგა-ბაღმა უნდა დააკმაყოფილოს,( კვება, სანიტარია-ჰიგიენა, ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაგა- ბაღის პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები) რათა წარმატებით გაიაროს ავტორიზაცია.

აქედან გამომდინარე, გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს პროცესი, რომლითაც დადგინდება, თუ რამდენად შეესაბამება დღეს მოქმედი თანამშრომლების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი უნარები კანონით დამტკიცებულს. გაერთიანების მიერ, 12-13 ივნისს ჩატარდა შიდა ატესტაცია. პირველ ეტაპზე ხუთმა მენეჯერმა უარი თქვა ატესტაციის გავლაზე და ისინი ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას, რადგანაც ვერ დადგინდა მათი შესაბამისობა კრიტერიუმებთან.

ატესტაციის გავლა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ოთხმა მენეჯერმა. ატესტაციის შედეგად ხუთმა მენეჯერმა ვერ დააკმაყოფილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ოთხმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ცხრამეტმა წარმატებით გაიარა ატესტაცია. ის მენეჯერები, ვინც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ექვემდებარება გადამზადებას და ატესტაციის თავიდან გავლას”,- განაცხადა ლელა თევდორაშვილმა.