თელავში მცხოვრები ნატო ნაცვლიშვილის ხელნაკეთი ნივთები და სამკაულები
თელავში მცხოვრები 30 წლის ახალგაზრდა ნატო ნაცვლიშვილი ხელნაკეთ ნივთებს, კერძოდ კი ყელსაბამებს და სხვადასხვა სახის სამკაულებს ამზადებს. პირველი ნივთი მან 20 წლის ასაკში დაამზადა, რამაც მისი მეგობრების მოწონება დაიმსახურა.
ახალგაზრდის თქმით, მას ეს საქმიანობა ძალიან მოსწონს და საქმის გაგრძელების ბიძგი სწორედ ამან მისცა. ნატო განმარტავს, რომ 3 წლის შვილი ჰყავს, თუმცა ეს ხელს არ უშლის საყვარელ საქმეს დრო დაუთმოს.
,,დავამთავრე ბიზნესის და ადმინისტრირების ფაკულტეტი. დაახლოებით 20 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავაკეთე ე.წ. ,,სიზმრის მჭერი” (dreamcatcher). მახსოვს კეთების პროცესი როგორ მომწონდა, საოცარ სულიერ სიშვიდეს ვგრძნობდი. როდესაც მუშაობა დავიწყე, მას მერე აღარ გამიკეთებია. ახლა მყავს 3 წლის ბიჭი, რომლის გამოც მომიწია ძირითადად სახლში ყოფნა. ძალიან გამიჭირდა აქტიური ცხოვრებიდან უცბად სახლში დაჯდომა. გადავწყვიტე გადმომელაგებინა თაროზე შენახული მასალები და გამეგრძელებინა ჩემი საყვარელი საქმე.
აქედან კი დავიწყე სამაჯურების და ყელსაბამების გაკეთება. გაყიდვაზე არც მიფიქრია, უბრალოდ ვაკეთებდი თვეების განმავლობაში და შესაბამისად გარკვეული რაოდენობა დამიგროვდა. შემდეგ კი მეგობრებმა მითხრეს, რომ ტარდებოდა ხელნაკეთი ნივთების 2020 წლის საშემოდგომო გამოფენა-გაყიდვა და შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება. გამოფენამდე ერთი დღით ადრე გადავწყვიტე მეცადა ბედი და მიმეღო მონაწილეობა. დავუკავშირდი ორგანიზატორს და ასე მოვხვდი უნიჭიერესი ადამიანების გვერდით.
ჩემდა გასაკვირად, მივიღე ბევრი სასიამოვნო კომპლიმენტი, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ფეისბუქ გვერდი AURA AURA და Aura handmade. ახლა ვამზადებ ნატურალური ქვებისგან: სამაჯურებს, საყურეებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, გულსაბნევებს, ხისგან ვამზადებ საწოვარას საკიდებს და სხვადასხვა თოკისგან დაწნულ სამაჯურებს. ახლახანს დავამატე სადღესასწაულო აქსესუარებიც. შეკვეთებს ვიღებ როგორც ჩემი დიზაინით დამზადებულ ნივთებზე ასევე ინდივიდუალურს”,- განუცხადა Knews.ge-ს ნატო ნაცვლიშვილმა.
ახალგაზრდის თქმით, ხელნაკეთ ნივთებს თავდაპირველად ინტერნეტის საშუალებით მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტში ყიდიდა, თუმცა დროსთან ერთად მისი ნამუშევრების ცნობადობა გაიზარდა. ახლა შეკვეთები, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც აქვს.
,,საქმიანობის დაწყებისას თელავიდან და მიმდებარე სოფლებიდან იყო შეკვეთები, ახლა კი მთელი საქართველოდან ვიღებ მეხმიანებიან. ასევე საზღვარგარეთიდან. თელავში შეკვეთები ძირითადად მე მიმაქვს, დანარჩენს ვაგზავნი ფოსტით. უზომოდ მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით. ძალიან ბევრს ვსწავლობ ჩემი მომხმარებლებისგან. მაქსიმალურად ვცდილობ მათი მოლოდინების გამართლებას. ყველაზე მეტი დრო სჭირდება გულსაბნევების აკინძვას. პირველ გულსაბნევს 3-4 საათი ვაწყობდი”,- აცხადებს ნატო ნაცვლიშვილი.
ნატო განმარტავს, რომ ის ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს სიახლეები შესთავაზოს. სწორედ ამიტომ მან ხელნაკეთი სამკაულების გარდა სანთლების და ქოთნების გაკეთებაც დაიწყო.
,,ახლახანს ჩემს ხელნაკეთ სამკაულებს დაემატა ხელნაკეთი ქოთნები და სანთლები. თითოეული ქოთანი გამოდის განსხვავებული და განუმეორებელი, რადგან ვურევ სხვადასხვა საღებავებს. დიდ დროს მოითხოვს საბოლოო შედეგამდე მისვლა, რადგან ქოთნებს ვასხამ, შემდეგ ვაშრობ, ზოგიერთს ვლაკავ. ასევე შესაძლებელია ხელით მოხატვა. მასალას ვყიდულობ როგორც თელავში, ასევე თბილისში და ვიწერ სხვადასხვა საიტიდან, რადგან მინდა რომ მქონდეს განსხვავებული მასალა, ან უკვე არსებული შევთავაზო განსხვავებული სახით. ის თუ რას და როგორი განწყობით აკეთებ, ფოტოსაც როგორ იღებ, ამ ყველაფერს ჩემთვის და ვფიქრობ მომხმარებლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ალბათ ეს ყველაფერი ერთად აღებული, განგვასხვავებს სხვა მსგავსი ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლისგან.
ჩემი საქმიანობა პამდემიასთან ერთად დავიწყე, ამიტომ რეალიზებაზე როგორი გავლენა მოახდინა არ ვიცი. ერთი რაც არის ფასები იმატებს ჩემთვის საჭირო ნივთებზე. ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია გამოფენების ჩატარება, სადაც საშუალება გვექნება საზოგადოებას გავაცნოთ როგორც ნივთები, ასევე გავყიდოთ პროდუქტი. მინდა ჩემს საქმეში მეტად განვვითარდე, შევისწავლო ვერცხლზე და მინანქარზე მუშაობა, რაც მეტ ინდივიდუალიზმს და მრავალფეროვნებას შესძენს ჩემს ნაკეთობებს”,- განაცხადა ნატო ნაცვლიშვილმა.