ახალი ამბები

თელავში გაიმართა კვლევის “სკოლამდელი განათლების სისტემა პანდემიის პირობებში” პრეზენტაცია

18-19 ივნისს თელავში საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკას” კვლევის – “სკოლამდელი განათლების სისტემა პანდემიის პირობებში” წინასწარი შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კვლევის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) სსიპ “შრომის ინსპექციის სამსახურის”, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს, რუსთავისა და თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია “ფორმულას”, “იმედისა” და “ტვ პირველის” ჟურნალისტები.

კვლევის წინასწარი შედეგები წარადგინეს “კივიტას გეორგიკას” სკოლამდელი განათლების ექსპერტმა – ოლღა მუსხელიშვილმა, “კივიტას გეორგიკას” ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების ექსპერტმა – ნინო ჯიჯავაძემ და “კივიტას გეორგიკას” დირექტორმა – გიორგი მესხიძემ.

კვლევის პრეზენტაციის შემდგომ, გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია სკოლამდელი განათლების პოლიტიკაზე – “5 წელი სკოლამდელი განათლების შესახებ კანონის მიღებიდან”, დისკუსიას ფასილიტაციას უწევდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი – ნინო ზაუტაშვილი;

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ეწვივნენ თელავის -N9 ბაგა – ბაღს, სადაც ადგილზე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ბაღში არსებულ მდგომარეობას და შემაჯამებელი დისკუსია გაემართათ.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევის ანგარიში გამოქვეყნდება მიმდინარე წლის აგვისტოში და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.