სოფელ ჩუმლაყში ხილფაფების მწარმოებელი კომპანია საქმიანობის გაფართოებას გეგმავს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ხილფაფების მწარმოებელი კომპანია საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და წვენის ჩამოსასხმელი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.
კომპანიაში „ქართული აგრო პროდუქტი“ განმარტავენ, რომ 2014 წელს სამაცივრე მეურნეობა აამოქმედეს, 2017 წლიდან კი ხილფაფებსაც აწარმოებენ.
მათივე ინფორმაციით, 2020 წელს ახალი პროდუქტის – დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოება და რეალიზება დაიწყეს. „კეთილი და პატიოსანის“ ბრენდით კომპანია დღეს 6 დასახელების დასალევ ხილ-ბოსტნეულს აწარმოებს და „ნიკორაში“, „გუდვილსა“ და „ევროპროდუქტში“ ყიდის.
საწარმოს ასამოქმედებლად კომპანიამ ჯამში 4.6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 000 ლარიანი გრანტი სოფლის განვითარების სააგენტომ გამოუყო, 1.5 მლნ ლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი იყო.
კომპანიის დირექტორი გიორგი ახალაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომპანია მიმდინარე წელს წარმოების გაფართოებას გეგმავს.
„2017 წელს დამატეთ და გავხსენით ატმის, ვაშლატამას, ვაშლის, ქლიავის, ღოღნაშოს, ტყემლის, ფეიხოას, მარწყვის ხილფაფის წარმოება. ეს არის ნედლეული, რომელიც სხვადასხვა საბოლოო პროდუქტის საწარმოებლადაა საჭირო. ამ ხილფაფებს ყიდულობენ მწარმოებლები და ტყემლებს და წვენებს აკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნედლეულის ხარისხი ვიცოდით, ახალი პროდუქტის – დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოების დაწყება გადავწყვიტეთ. ამ დროისთვის 6 სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გვაქვს და ახლო მომავალში 3 დასახელების პროდუქტის დამატებას ვგეგმავთ.
ხილფაფების საწარმოში იტალიური დანადგარებით 1 საათში 3 000 კგ ხილის გადამუშევება ხდება. 2017 წლიდან ჯამში 1 500 ტონა გვაქვს ნაწარმოები და დღეს მომხმარებლისთვის უკვე მზა პროდუქტის შეთავაზება შეგვიძლია“, – განმარტავს კომპანიის დირექტორი.
გიორგი ახალაძის ინფორმაციით, 2021 წლის ბოლომდე კომპანია ჩუმლაყში სამაცივრე და საწარმოო მეურნეობასთან ერთად ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედებას გეგმავს, რაც კომპანიას ახალი დასახელების დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოების საშუალებას მისცემს.