ახალი ამბები

თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ფეხსაცმელს საკუთარი დიზაინით კერავს

თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანი, მხატვარი და დიზაინერი, 30 წლის ნინო მრელაშვილი სხვადასხვა სახის ფეხსაცმელს კერავს. ახალგაზრდა მოდელის ფერს, სამუშაო მასალას და დიზაინს თავად არჩევს და საკუთარი ხელით კერავს. ნინო ტუფლებს ჯინსით, ტილოთი, დეკორატიული გიპიურით და სხვა მასალით კერავს, გასალამაზებლად კი მოიხმარს სხვადასხვა მეტალებს, ფერად თვლებს, ფარფლებს და სხვა.

ახალგაზრდა ხელოვანი knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიზაინერობა, ფეხსაცმლის შექმნის და შეკერვის სურვილი სკოლის პერიოდიდან ჰქონდა. ახლა კი მისი შეკერილი სხვადასხვა სტილის ზამთრის თუ ზაფხულის ფეხსაცმელი ყველა მნახველის მოწონებას იმსახურებს.

,,ვარ ვიზუალური მხატვარი და დიზაინერი. დამთავრებული მაქვს ქალაქ თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა და თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. რაც თავი მახსოვს ვხატავ, ბავშვობიდან დღემდე. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ხატვასთან ერთად მალევე აღმოვაჩინე მოდის დიზაინისადმი ჩემი განსაკუთრებული სიყვარული.
ერთხელ დედასთან ერთად ვსეირნობდი მაღაზიებში და მახსოვს ქალის ფეხსაცმლის მაღაზიაში შესვლისას ჩემი აღფრთოვანება. ყველა მოდელი ძალიან შთამბეჭდავი იყო, თუმცა, ვფიქრობდი რომ, მათ რაღაც აკლდა სრულყოფილებისთვის. სახლში დაბრუნებისას ავიღე ძველი ტყავის ჩანთა და სწორედ მაშინ შევკერე ჩემი პირველი ფეხსაცმელი.
ამავე პერიოდში გადავწყვიტე, რომ ტყავი არ იყო საკმარისი მასალა სამუშოდ, მინდოდა რაიმე ახალი ექსკლუზიური და გავაკეთე მინით ფეხსაცმელი. მასალად გამოვიყენე ისეთი მინის ნივთები, რომლებიც გადასაყრელად იყო გამზადებული. მინის ფეხსაცმელმა მალევე მოიპოვა მოწონება. მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენა-კონკურსებში სადაც, ამ ეგზემპლიარს ეწოდა სახელი “ბროლის ქოში” რის შედეგადაც მიღებული მაქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები. ჩემი პირველი “ბროლის ქოში” დაცულია თბილისის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში’
‘,- განაცხადა ნინო მრელაშვილმა.

ნინოს თქმით, ამ ეტაპზე სახლში მუშაობს და ინდივიდუალურ შეკვეთებს იღებს. მისი განმარტებით, შეკვეთისას დიზაინს და ფერს თავად მომხმარებელი არჩევს.

,,აკადემიის დასრულების შემდეგ ვკერავდი მცირე რაოდენობის გაზაფხული-ზაფხულის მოდელებს, რომლის რეალიზაციაც ხდებოდა რამდენიმე მაღაზიაში: თელავში, თბილისში, გორში და ონლაინ. ამ ეტაპზე ვმუშაობ სახლში, ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთებს. მომხმარებლის სურვილისამებრ ვკერავ ნებისმიერი სტილის და სეზონის ფეხსაცმელს. ასევე ჩემს მომხმარებელს აქვს საშუალება, აირჩიოს მოდელი ჩემი შექმნილი ექსკლუზიური ესკიზების პორთფელიოდან. ამით მათ უადვილებათ სასურველი ფეხსაცმლის არჩევა. რაც შეეხება მასალას, ჩემთან შესაძლებელია შეკვეთის შესრულება როგორც ნატურალური ტყავით, ასევე ტყავის შემცვლელით (დერმატინით) ჯინსით, ტილოთი, დეკორატიული გიპურით, პადოშით და ა.შ”,- აცხადებს ნინო Knews.ge-სთან საუბრისას.

ახალგაზრდა ხელოვანი აცხადებს, რომ ფეხსაცმლის შესაკერად საჭირო მასალას სხვადასხვა სპეციალურ მაღაზიაში ყიდულობს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის. მისივე თქმით, ფეხსაცმლის კერვის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და საკმაოდ შრომატევადია.

,,ფეხსაცმლის შესაკერად მასალის შეძენა ხდება ადგილობრივ სპეციალურ მაღაზიებში, რომლებსაც ხარისხიანი მასალა შემოაქვთ სხვადასხვა ქვეყნებიდან. კერვის პროცესი ძალიან საინტერესოა და მოიცავს რამდენიმე ეტაპს. მაგალითად: კონკრეტული მოდელის წარმოება იწყება ჩემს მიერ მოფიქრებული დიზაინის ან მომხმარებლის იდეის მიხედვით შექმნილი ესკიზით, რასაც მოსდევს შესაბამისი მასალის შერჩევა, თარგის კონსტრუირება და შემდეგ კერვის პროცესები რითაც, ვიღებთ დასრულებულ სასურველ შედეგს. მიუხედავად იმისა რომ, ფეხსაცმლის წარმოება არის შრომატევადი, შრომას მიადვილებს და იდეალური შედეგის მიღწევაში მეხმარებიან ჩემთან დასაქმებული ადამიანები, ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი”,- აღნიშნავს ნინო მრელაშვილი.

ახალგაზრდა ასევე აცხადებს, რომ სამომავლოდ დაგეგმილი აქვს სხვასხვა სახის საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღება, რომელიც მისი საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება.

,,მონაწილეობა მაქვს მიღებული იაპონურ საგრანტო პროექტში, სადაც მოვიპოვე დაფინანსება და შევიძინე საჭირო მანქანა-დანადგარები. კიდევ მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო მსგავს საგრანტო პროექტებში, რაც დამეხმარება ჩემი საქმის გაფართოვებაში. ”

ახალგაზრდა სამომავლოდ საკუთარი ატელიეს გახსნას, მეტი ადამიანის დასაქმებას, ქალის ფეხსაცმელთან ერთად, ბავშვის და მამაკაცის ფეხსაცმლის ხაზზე მუშაობას და მისი ახალი კოლექციის მოდის კვირეულზე გატანას გეგმავს.