ახალი ამბები

მრავალფეროვნების სკოლის პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწო

მრავალფეროვნების სკოლამ, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო გაძლიერების მიმართულებით პროგრამებს ახორციელებს, პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო.

მრავალფეროვნების სკოლა 2012 წელს შეიქმნა და ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვაპროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და თბილისში მცხოვრები 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდები შეისწავლიან აქტიური მოქალაქეობის, სათემო აქტივიზმისა და მრავალფეროვნების საკითხებს, პროექტების წერას, დაგეგმვასა და მართვას. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავად დაგეგმონ და განახორციელონ საკუთარი თემის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროექტები თემში ან რეგიონში.

ირის ჯგუფი- მრავალფეროვნების სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ლიკა იმერლიშვილი აცხადებს, რომ პროგრამაში განაცხადების მიღება გრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და ახალგაზრდების ამ მიმართულებით გააქტიურება მნიშვნელოვანია.

,,მრავალფეროვნების სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების გაძლიერების პროცესს, მრავალფეროვანი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, არიან ცვლილებების ინიციატორები სოფლებსა და ქალაქებში.
მრავალფეროვნების სკოლა მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქისათვის საჭირო კომპეტენციებისა და უნარების განვითარებისა და ახალგაზრდების თანამშრომლობის გაზრდის გზით. ამისათვის, პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს სთავაზობს განვითარების შესაძლებლობებსა და საკუთარი თემის საჭიროებებზე მორგებული საპროექტო იდეების განხორციელებას. მრავალფეროვნების სკოლა მხარს უჭერს ახალგაზრდებს,
რომლებსაც აინტერესებთ სამოქალაქო და სათემო აქტივიზმი და სურთ, საკუთარი ჩართულობით წვლილი შეიტანონ თავიანთი თემის, სოფლის ან ქალაქის განვითარებაში. თუ ხარ 18-დან 26 წლამდე, გინდა იყო აქტიური, გსურს განვითარება, გინდა განახორციელო სოციალური პროექტი და გახდე დადებითი ცვლილებების ინიციატორი შენს რეგიონში, მაშინ გაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი პროგრამის
ფარგლებში: შეისწავლო მრავალფეროვნება, სამოქალაქო და სათემო აქტივიზმი; ისწავლო პროექტების დაგეგმვა და მართვა; განახორციელო საკუთარი მოხალისეობრივი სოციალური პროექტი; შეხვდე თანამოაზრეებს; გახდე კურსდამთავრებულებისა და პარტნიორების ქსელის წევრი საქართველოსა
და მსოფლიოს მასშტაბით”,- განაცხადა ლიკა იმერლიშვილმა.

ლიკა იმერლიშვილის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა შედგება ოთხი სხვადასხვა აქტივობისაგან, რომლებიც მოიცავს ტრენინგებსა და სოციალური პროექტების განხორციელების ეტაპს.

,, პროგრამის ფარგლებში თითოეული მონაწილე ესწრება ზაფხულის სკოლის (პირველი ტრენინგი) ერთ-ერთ ნაკადს აგვისტოში, სათემო ინიციატივების ლაბის (მეორე ტრენინგი) ერთ-ერთ ნაკადს სექტემბერში და რეფლექსიის ლაბს დეკემბერში. ასევე, ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდში მონაწილე ახორციელებს საკუთარ მოხალისეობრივ პროექტს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.  პროგრამის მსვლელობის მანძილზე, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იქნება. COVID-19 პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის მიხედვით, შესაძლოა პროგრამის განრიგში ცვლილებები შევიდეს”,-აღნიშნავს ლიკა იმერლიშვილი.

ლიკა ასევე აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში ჩართული ახალგაზრდებისთვის კვების, საცხოვრებლის და მგზავრობის ხარჯებს თავად ორგანიზაცია დაფარავს.

,,პროგრამა ფარავს მონაწილის კვების, საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს. პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს სიმბოლურ თანხას: 20 ლარს. მონაწილეების მიერ შემოსული თანხა მოხმარდება „სამეზობლოს“ რეკონსტრუქცია ინვენტარიზაციას. სამეზობლო არის საგანმანათლებლო და სათემო სივრცე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში. სამეზობლოს მულტიფუნქციური დანიშნულება აქვს. ის ერთი მხრივ ემსახურება ადგილობრივი თემის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი სატრენინგო სივრცესა და ჰოსტელს წარმოადგენს. პირველი ორი ტრენინგი, ზაფხულის სკოლა და სათემო ინიციატივების ლაბი, სამეზობლოში ჩატარდება”,- განაცხადა ლიკა იმერლიშვილმა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადმოწერონ განაცხადი და ელექტრონულად შევსებული გააგზავნონ
ელ-ფოსტის მისამართზე: ana.virsaladze@diversityschool.net. დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ განცხადებაში ან საინფორმაციო ვიდეოში.

მრავალფეროვნების სკოლას ახორციელებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი -მრავალფეროვნების მართვა, რომელიც პროგრამა Theodor-Heuss-Kolleg-ის ფარგლებში თანამშრომლობს გერმანულ გაერთიანება MitOst-თან. პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს
მიერ.
ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა ზრუნავს საქართველოში პლურალისტური საზოგადოების განვითარებაზე. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მრავალფეროვნების საკითხებზე და ცდილობს, ხელი შეუწყოს უმცირესობების გააქტიურებას საზოგადოებაში. ირის ჯგუფი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს
ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენასა და რეალიზებას.