გაერო – ვგმობთ საქართველოში ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბავშვთა ძალადობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გაერო მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა უკეთ დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციისკენ.
გაეროს ინფორმაციით, მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისიუწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას [გაეროს წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის შესაბამისად].
,,აღსანიშნავია სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად.დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომდეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად.
ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა 2019 წლის 18 დეკემბერს გაეროს ყველა 193 წევრი ქვეყნის, და მათ შორის საქართველოს მიერ, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობასდეინსტიტუციონალიზაციაზედა ბავშვებისთვისმაღალი ხარისხის ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველყოფაზე, რომელიც ოჯახსა და თემზე იქნება დაფუძნებული.
სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისებისგაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას”,- წერია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერო საქართველოს მთავრობას ასევე რეკომენდაციებით მიმართავს და აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტების მექანიზმი, რომელიც ბავშვთა უფლებებს დაიცავს.
,,ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ.
ასევე აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდაჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის.
დაბოლოს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად.
ბავშვზე ზრუნვის ყველა დაწესებულებაში სისტემური გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას სამთავრობო ინსტიტუტებთან, სახალხო დამცველთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ რელიგიურ კონფესიასთან”,- ნათქვამია განცხადებაში.