სოფელ ველისციხეში ებრაული სასაფლაო აღადგინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ისრაელის საეჩოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ებრაული სასაფლაო აღადგინეს.
სასაფლაოს ტერიტორიაზე, უძველესი წარწერებით საფლავის ქვები აღმოაჩინეს. აღმოჩენილი ქვები მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე მოინახულა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა რან გიდორმა.
საელჩოს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ველისციხეში ისტორიულად ცხოვრობდა ქართველ და სხვა ებრაელთა დიდი თემი. ებრაელებს ჰქონდათ არაერთი რელიგიური/კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობა, თუმცა – ისინი არ შემორჩენილა.
არსებული ინფორმაციით, არსებობს ებრაული სასაფლაოს კვალი და მასზე აღმოჩენილია რამდენიმე ძველი საფლავის ქვა, რომლებიც მეთვრამეტე – მეოცე საუკუნეებით შეიძლება დავათარიღოთ. საფლავის ქვები შესრულებულია ებრაული წარწერებით.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ დასუფთავებულია ყოფილი სასაფლაოს მცირე მონაკვეთი, სადაც განთავსებულია ქვები. ამასთანავე, დაიდგმება ბანერი, რომელიც მნახველებს მიანიშნებს აღნიშნული ადგილის მნიშვნელობაზე.
ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი