ახმეტაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ჭართალაში, მიტოვებულ შენობაში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი იყო დამონტაჟებული. ადგილზე განთავსებული იყო ასევე 61 ცალი პირველი ხარისხის თხმელას (მურყანი) სახეობის მორი და ამავე სახეობის ხისგან მიღებული 7.5 მ³ პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი დანადგარი დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი”,- განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.