მაისის თვეში საწვავის ფასი 43%-ით გაიზარდა, ზეთის – 85%-ით, კვერცხი – 23%-ით
საქსტატმა დღეს მაისის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ბოლო წლებში რეკორდულად მაღალი – 7.7%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა.
ფასების ზრდა შეეხო სამომხმარებლო საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს. უფრო დეტალურად, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის რეიტინგი ასეთია: მზესუმზირის ზეთი – 85%, ბენზინი – 43%, დიზელის საწვავი – 40%, ქორწინების ოქროს ბეჭედი – 39%, მწვანე ლობიო – 36%, სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 31%, შაქარი – 30%, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები – 28%, წიწიბურა – 28%, ასანთი – 28%, საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა – 27%, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 27%, ჭიქა – 26%, ხინკალი რესტორანში – 24%, მარგარინი – 24%, კვერცხი – 23%, თეფში – 22%, მწვანილი – 21%.