პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ა.ჭ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შსს-ის ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1978 წელს დაბადებული დ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: სავარაუდოდ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით, ასევე, მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.