გურჯაანში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს- ფოტოები
ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ქალაქ გურჯაანში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
ქალაქის ქუჩებში ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მსახიობების მსვლელობა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ე.წ. ფლეშმობი მოეწყო.
ღონისძიება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, პანდემიის გამო, ღონისძიება ხალხმრავალი არ იყო.
,,პირველ რიგში, გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს, რომელიც გურჯაანშიც აღვნიშნეთ. მოეწყო ეროვნულ სამოსში ჩაცმული მსახიობების მსვლელობა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მოცეკვავეებმა რამდენიმე ცეკვა შეასრულეს. ვეცადეთ, ამ პანდემიის დროს, საზოგადოების განწყობაზე გვეზრუნა და ვფიქრობ, გამოგვივიდა,” – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ზეიმი, გურჯაანის იუსტიციის სახლთან, ქორეოგრაფიული ნომრით დასრულდა. მსვლელობის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 4237 ლარი დაიხარჯა. ღონისძიებას კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, თბილისში რეგისტრირებული, შპს ,,ავანსცენა” უწევდა მომსახურებას.