ახალი ამბები

სოფელ საქობოში საძოვრების გასაყიდად ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 250 ჰექტარი საძოვარი არ გაიყიდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 205 901 კვადრატულ მეტრ ფართობს, მყიდველი არ გამოუჩნდა. ნაკვეთებზე გამოცხადებული აუქციონის შეჩერებას, სოფელ საქობოსა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში ითხოვდა.

ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია რამდენჯერმე ჩაატარეს და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის შეჩერება მოითხოვეს. მოსახლეობა განმარტავდა, რომ მიწის ფართობს რამდენიმე სოფელი საქონლის საძოვრად იყენებდა და ტერიტორიის გაყიდვის შემთხვევაში, ასობით ოჯახს შიმშილი ემუქრებოდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, მოსახლეობის მიმართვა და მუნიციპალიტეტის პოზიცია, სამინისტროს რამდენიმე დღის წინ გადაეგზავნა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი აუქციონზე, 731 ათასი ლარი იყო. გაყიდვის შემთხვევაში, ობიექტზე, სამომავლოდ, სამრეწველო- სასაწყობე მეურნეობის აშენება იგეგმებოდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე 250 ჰექტარ საძოვარს, ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა სტატუსი მარტის დასაწყისში შეუცვალა და მას არასასოფლო- სამეურნეო მიწის სტატუსი მიანიჭა. აუქციონზე, მიწის ფართობის შეძენა 17 მაისამდე იყო შესაძლებელი.