რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩი თელავში ჩატარდება
საქართველოს ნაკრები, წლევანდელი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს თელავში ჩაატარებს.
აღსანიშნავია რომ, თელავში საქართველოს ნაკრებს აქამდე არასდროს უთამაშია. თელავის გუნდის მენეჯერი თენგიზ ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ივნისში იგეგმება ჩემპიონატის ბოლო მატჩი, რომლისთვისაც თელავის რაგბი არენაზე მზადება უკვე დაიწყო.
“იდეა, რომ თელავში გამართულიყო წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩი, შევთავაზეთ სპორტული მიმართულებით ვიცე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა მოეწონათ იდეა და დავიწყეთ სამზადისი. ახლა მიმდინარეობს მინდვრის მოწესრიგება. იგეგმება ასევე ღონისძიებები მაყურებლისთვის. ივნისის თვეში მომზადებულები შევხვდებით ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს”,- აცხადებს knews.ge-თან გუნდის მენეჯერი თენგიზ ცისკარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი “კავკასიონი რაგბი არენა” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 7.8 მილიონი ლარი დაჯდა. ტრიბუნების რაოდენობა კი 2244 ადამიანზეა გათვლილი.