კურორტ ახტალაზე სტუმრების მიღება 17 მაისიდან განახლდება
გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალაზე 2021 წლის 17 მაისიდან სეზონი იხსნება.
„კურორტ ახტალის“ დირექტორი გიორგი უტიაშვილი აცხადებს, რომ მსურველებს დასვენების გარდა შეუძლიათ იმკურნალონ. მკურნალობის კურსი კი 10-12 პროცედურას მოიცავს.
ახტალა, საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.
ახტალა, თბილისიდან 100 კილომეტრში, ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. ახტალის ტალახი გამოიყენება აბაზანებისა და აპლიკაციის სახით. ასევე დანერგილია ელექტრო ტალახი. პარალელურად ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები. ახტალის ტალახი გამოიყენება ბევრი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ნერვული სისტემის დაავადებების.
ასევე ისეთი პრობლემების როგორიცაა რადიკულიტი, საჯდომი ნერვის ანთება, ფლექსიტები. პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, ბავშვთა ცერებრალური დაავადებით გამოწვეული პარეზები.
„ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული აქვთ მკურნალობა, სწორედ ჩვენთან მკურნალობის შემდეგ იწყებენ პირველი ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა „კურორტ ახტალის“ დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა.