სოფელ კონდოლში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მიმდინარე გზის და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სამუშაოები შეჩერებულია.
მათი თქმით, გადათხრილი გზის გამო გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
“გზის რეაბილიტაცია უკვე თვეებია მიმდინარეობს, ახლა კი 1 კვირა აღარც აგრძელებენ სამუშაოებს, გაუსაძლისია გადაადგილება ისეთ მდგომარეობაშია გზები”,- განაცხადა კონდოლოს ერთ–ერთმა მკვიდრმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის თქმით, სამუშაოები დღეიდან განახლდება. მისი თქმით, სამუშაოები დროებით იყო შეჩერებული, რადგან მიმდინარეობდა სასმელი წყლის ჭების მონტაჟი.
“სადაც მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია, იქ იყო დასამთავრებელი წყლის ჩასადგმელი ჭები, რომელთა რეაბილიტაცია დასრულებულია. ამ მიზეზით იყო შეჩერებული დროებით გზის მოწყობა. დღეიდან კი სამუშაოები გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება, გზის პრობლემა კონდოლში სრულიად მოწესრიგდება “,- განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა.