ახალი ამბები

ქვეყანაში სიღარიბე დაუძლეველ პრობლემად რჩება

ჯანდაცვის კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში 2009 წლიდან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 13%-დან 6.2%-მდე შემცირდა; 2015 წელს 3%-იც კი იყო, მაგრამ კოვიდ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაც ვარდნას განიცდის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ბიუჯეტზე, შესაბამისად ბავშვების წინაშე არსებული რისკები შემცირების ნაცვლად იზრდება და ისინი უფრო მეტად დგებიან სიღარიბის საფრთხის წინაშე.

ამ თემაზე დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ბავშვთა სიღარიბის დაძლევის, კონკრეტული პროგრამის შემუშავების და მისი განხორციელების გეგმის წარმოდგენასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ქვეყანაში სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება, მით უმეტეს ბავშვთა სიღარიბე. მიუხედავად იმისა, რომ 2009-2010 წლების შემდეგ დინამიკა ქვეყანაში სიღარიბის კუთხით არის პოზიტიური, ანუ მცირდება დინამიკა და ყველაზე უკეთესი შედეგი იყო 2015 წელს. ამის შემდეგ იმ პერიოდისათვის ეკონომიკური კრიზისის და ინფლაციის ფონზე კიდევ დაიწყო გაუარესება. ამას, რა თქმა უნდა, ემატება კოვიდ ინფექცია, რამაც თითოეული ოჯახის შინა მეურნეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და ბავშვები სიღარიბეში ცხოვრების მომატებული რისკის წინაშე დადგნენ.

ამიტომ, გარდა იმ პროგრამებისა, რასაც აქამდე სახელმწიფო ახორციელებს, დამატებით 700 მილიონ ლარზე მეტის სხვა სოციალური პროგრამები განახორციელა, რამაც რა თქმა უნდა, სიმწვავე შეამსუბუქა, მაგრამ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება და რადგან კოვიდ ინფექცია ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში ამყოფებს მთელ მსოფლიოს, შესაძლოა სიღარიბე კიდევ უფრო მეტ პრობლემად იქცეს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში მივიღოთ გადაწყვეტილებები, დავამუშავოთ კიდევ დამატებითი სოციალური პროგრამები, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, რათა ბავშვები ვიხსნათ სიღარიბისაგან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე შეხვედრაზე განაცხადეს, რომ კონკრეტული ოჯახების, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. მოსალოდნელია, ბავშვთა სიღარიბე კიდევ უფრო გამწვავდეს. ამიტომ, საჭიროა კონკრეტული პროგრამების რაც შეიძლება სწრაფად შემუშავება, რათა კიდევ უფრო მეტი პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ მოზარდები.