ახალი ამბები

ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალის რეინჯერი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის მოხვდა

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,, გიორგი აბრამიშვილი 17 წელია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ, ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს.
„თავდადებული შრომით, გამოწვევებთან და რისკებთან გამკლავების უნარით, კრიზისული სიტუაციების მართვისას ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულმა ქართველმა რეინჯერმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife Conservation და Conservation Allies-თან კოლაბორაციის შედეგად დაფუძნებული დაჯილდოებაა. ნომინაცია მიზნად ისახავს რეინჯერთა უნიკალური ისტორიების გაზიარებას და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას“,-აცხადებენ სამინისტროში.

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიები ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი 2003 წელს შეიქმნა და ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებს და ილტოს აღკვეთილს მოიცავს.

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა. ის პანკისის ხეობაში, კერძოდ, მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ბაწარას ხეობაში ზღვის დონიდან 700-2000 მეტრზე მდებარეობს. მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰა-იანი კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.