ევროპარლამენტარები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას ითხოვენ
პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, ეროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ.
ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე მწუხარებას გამოთქვამენ და ამ შედეგში პასუხისმგებლობას როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებსაც აკისრებენ.
“განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ შრომას და მისი წინადადებების გასაჯაროებას მივესალმებით, რამაც მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაზარდა. პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენა არსებითია.
ამ დოკუმენტის შინაარსი საქართველოს წინსვლისთვის კარგი საწყისი წერტილია: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პასუხისგებლობის სამართლიანი განაწილება პარლამენტში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა. ეს პოლიტიკურად დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნება, რომელიც კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისობასა და 2020-ის არჩევნების საერთაშორისო შეფასების თანხვედრაშია. ჩვენ მივესალმებით ჟან-მონე დიალოგის იდეას, რომელსაც ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი.
პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას არ უნდა ელოდონ. კერძოდ, ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება.
საქართველოში პოლიტიკური პარტიის ლიდერებს დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ. ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს საფრთხე ემუქრება”, — ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები:
- დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
- მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;
- ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;
- ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით;
- სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში;
- მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში;
- პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.