მეფუტკრე ფერმერებისთვის დარგობრივი რეკომენდაციები შემუშავდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეფუტკრე ფერმერებისთვის დარგობრივი რეკომენდაციები შემუშავდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ გაიმართა შეხვედრა, სადაც ფუტკრის დაავადებებთან, მათ შორის, ვარვატოზთან ბრძოლის და ფუტკრის ოჯახების აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით ელექტრონული და ბეჭდური საინფორმაციო მასალები უნდა შემუშავდეს. ამასთან მეფუტკრე ფერმერებისთვის რეგიონებში ტრენინგები ჩატარდება.
„ფერმერებისთვის თანამედროვე დარგობრივ ცოდნაზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქტიურად ვაგრძელებთ ფერმერთა საექსტენციო მომსახურებას, სადაც დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.