ვაქცინაცია- მითები და რეალობა
„ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი საერთოდ არაა საშიში. წამში კეთდება!“ -არწმუნებს ჩიტი მარაბუ ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ (და შეშინებულ) ჰიპოპოტამს 1966 წელს გადაღებულ საბჭოთა მულტფილმში.
მას შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა და კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის დროს ვაქცინები იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მაგრამ პროკრემლისტური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მესიჯები გამამხნევებლად სულაც არ ჟღერს.
პანდემიის განმავლობაში ინტერნეტის ყველაზე შავბნელ კუთხეებში ვაქცინების შესახებ გაჩნდა ისეთი დაუსაბუთებელი მტკიცებები, როგორიცაა „ბილ გეიტსი ვაქცინებს კაცობრიობის დასაჩიპად გამოიყენებს“ და მასობრივი ინფორმაციის პროკრემლისტურმა საშუალებებმა მათ ახალი იმპულსი შესძინა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება სოციალურ მედიაში, რაც დაბნეულობას იწვევს და ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.
ბევრი ხვდება, რომ ვაქცინებში Microsoft-ის ჩიპების არსებობის მტკიცება უბრალოდ აბსურდულია. მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ხვდებიან? როგორ უნდა დაელაპარაკოთ მათ, ვინც ინტერნეტში წააწყდა კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინებთან დაკავშირებით და დაიჯერა ისინი?
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:
თუ სოციალურ მედიაში ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ან კონსპირაციულ თეორიებს წააწყდებით, კარგი გამოცდილი მეთოდი იქნება ასეთი პუბლიკაციების შესახებ პლატფორმებისთვის შეტყობინების გაგზავნა, რადგანაც ეს პუბლიკაციები, დიდი ალბათობით, არღვევს ამ პლატფორმების წესებს მსგავსი შინაარსის მასალაზე რეაგირება (თუნდაც უარყოფითი კომენტარის დატოვება) მხოლოდ მის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ადამიანი, რომელსაც სჯერა და აზიარებს შეცდომაში შემყვან ცნობებსა და აშკარა კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინებთან დაკავშირებით, თქვენი ახლობელია – მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი? იმის მტკიცება, რომ პაპი თავის მიმდევრებს აცრას სთხოვს გლობალური ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის სამსახურის გაწევის მიზნით, შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ამ საკითხით გულწრფელად შეწუხებული ადამიანის დაცინვა, აბუჩად აგდება ან მასზე გაბრაზება საპირისპირო შედეგს გამოიწვევს.
მიღებული განათლების მიუხედავად, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ შიშები და ეჭვები, რომელთა წყარო შესაძლოა იყოს საფუძვლიანი წუხილი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით. სხვების მიმართ პატივისცემის გამოვლენა და მათი მოსმენის სურვილი შინაარსობრივი და ეფექტური საუბრის გასაღებია.
აკადემიური კვლევების მიერ დადასტურებულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა მხოლოდ სამეცნიერო ფაქტებზე ან სამედიცინო მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების, პირადი გამოცდილებების და მორალური შეხედულებების გათვალისწინებითაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაქცინებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო მტკიცებებს მხოლოდ ცოდნის ნაკლებობის გამო არ იჯერებენ.
დეზინფორმაციის აქტორებმა საკმაოდ კარგად იციან, როგორ გამოიყენონ ასეთი შეხედულებები ბოროტად. სოციალურ მედიაში გავრცელებული ისეთი დაუსაბუთებული მტკიცებები, როგორიცაა ვაქცინების უნარი, შეცვალოს ადამიანის დნმ ან ის, რომ ისინი დაბინძურებულია შიდსით, მალარიით ან „5G-ის ნაწილაკებით“ ემოციებზე აპელირებს და უგულებელყოფს ფაქტებს. მსგავსი მტკიცებები იყენებს ღრმად გამჯდარ რწმენებს ჩვენი (და ჩვენი ბავშვების) სხეულების ნებისმიერი „არაბუნებრივი“, „ბინძური“ ან „საშიში“ რამისგან დაცვის შესახებ, ხოლო ვაქცინები სწორედ ასეთადაა წარმოდგენილი.
ანალოგიურად, მტკიცებები, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ „დაიჩიპოს“ და გაკონტროლდეს კაცობრიობა მიზნად ისახავს თავისუფლებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის გრძნობებზე თამაშს (ბოლოსდაბოლოს, ვაქცინაციის პროგრამები კოლექტივიზმის ელემენტებს აღძრავს).
პიროვნებისთვის რთული და არასასიამოვნო პროცესი იქნება იმის გაცნობიერება, რომ მისი მორალური შეხედულებები მანიპულაციის შედეგი შეიძლება იყოს. შეეცადეთ, წაახალისოთ კრიტიკული თვითანალიზი ვაქცინებთან დაკავშირებული შიშებისა და შფოთვის შესახებ შეკითხვების დასმით. და მზად იყავით განსჯის გარეშე მოსასმენად.
ადამიანები, რომლებიც კონსპირაციულ თეორიებს იზიარებენ, ხშირად საკუთარ თავს კრიტიკულად მოაზროვნეებად მიიჩნევენ. უბრალო დამთხვევა არაა, რომ პროკრემლისტური დეზინფორმაციის მედიასაშუალება RT საკუთარ აუდიტორიას „მეტი შეკითხვების“ დასმისკენ მოუწოდებს.
მაგრამ როგორც BBC-ის ეს სტატია მართებულად აღნიშნავს, ეჭვის შეტანა ფაქტობრივად რაციონალური აზრის გაჩენის გზაა. მიზანი სხვა ადამიანის ინტერესის ან სკეპტიციზმის გაქრობა კი არა, არამედ იმის შეცვლაა, თუ რის მიმართ არიან ისინი ინტერესით ან სკეპტიკურად განწყობილნი. და ეს შეკითხვების დასმით უნდა დავიწყოთ.
კონსპირაციული თეორიები კომპლექსურ რეალობებს ზოგად და ვრცელ კონტურებში ხატავს, ხსნის „ყველაფერს“ და ყველა შესაძლო შეკითხვაზე პასუხებს ერთბაშად იძლევა. როგორც სოციოლოგი ჯონ განიონი ამტკიცებს, „მეცნიერულ თეორიასა და კონსპირაციულ თეორიას შორის განსხვავება ისაა, რომ მეცნიერულ თეორიაში აქა-იქ სიცარიელეა“. გლობალური პანდემიის ხანაში, კონსპირაციული თეორიების მიერ შემოთავაზებული „ყველაფრის მცოდნე“ თავდაჯერებულობა ყოველდღიური შფოთვის მოხსნის საშუალება შეიძლება გახდეს. გაითვალისწინეთ, ადამიანი საეჭვო წყაროებს ცოდნის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შეიძლება იყენებდეს.
ამას გარდა, დეზინფორმაცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული მიზნებითაც გამოიყენება. დეზინფორმაციის გლობალური ინდექსის თანახმად, ათასობით დეზინფორმაციულ ვებსაიტს ყოველწლიურად მეოთხედ მილიარდ დოლარს უხდიან რეკლამების ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც მათთან ბევრი პოპულარული ბრენდის რეკლამას ათავსებენ. ვაქცინების ნაცვლად, „ალტერნატიული“ სამკურნალო საშუალებების მხარდამჭერი ვებსაიტები ხშირად საეჭვო საკვებ დანამატებს უკეთებენ რეკლამას და ვიზიტორებისგან პირდაპირი ფინანსური სარგებლის ნახვას ცდილობენ. დეზინფორმაციის აქტორებმა სოციალური მედიის გამომწერებიც შეიძლება „ფულად აქციონ“ ან რეპუტაციული გამორჩენისთვის გამოიყენონ.
ჰკითხეთ თანამოსაუბრეს, ვის ენდობა ვაქცინებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და რატომ. უბიძგეთ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ეძებენ და აფასებენ ინფორმაციას, მათ შორის, კრიტიკულად გააანალიზონ აცრის საწინააღმდეგო შეტყობინებების გამავრცელებელთა მოტივები.
თუ ამ ნაბიჯებს მიყვებით, შესაძლოა, შინაარსობრივი საუბარი გამოგივიდეთ და საბოლოოდ გამოიყვანოთ თქვენი მეგობარი ან ახლობელი ადამიანი კონსპირაციული ლაბირინთიდან. მაგრამ შედეგის სწრაფად მიღების იმედი ნუ გექნებათ.
ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ჩვენი შეხედულებები და გრძნობები ღრმად პირადული და კომპლექსურია და დიდი ალბათობით, ერთ დღეში არ შეიცვლება. ამას გარდა, როგორც ჰალის უნივერსიტეტის პროფესორი კომუნიკაციისა და ქიმიის დარგებში, მარკ ლორჩი აღნიშნავს, ახალი მტკიცებულებები შეუსაბამობებს აჩენს ჩვენს შეხედულებებში, რაც ემოციურ დისკომფორტს იწვევს. ასე რომ, ძალიან თუ შეუტევთ, არსებობს რისკი, რომ თანამოსაუბრე საკუთარი პოზიციის გამართლებას შეეცდება და ამით თავის შეხედულებებში უფრო მეტად დარწმუნდება საწინააღმდეგო მტკიცებულებების მიუხედავად.
გამოიჩინეთ თანამოსაუბრისადმი თანაგრძნობა მაშინაც კი, თუ თქვენ კონსპირაციული თეორიის მიმართ მკვეთრად უარყოფითად ხართ განწყობილი და უკვე ამით დადებით გავლენას მოახდენთ გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ და მშფოთვარე ატმოსფეროში.
და წარმატებას თუ მიაღწევთ, ყოველთვის შეგიძლიათ, აჩვენოთ მეგობარს, ახლობელს ან მეზობელს მულტფილმი ჰიპოპოტამზე. გახსოვდეთ, ვაქცინები ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი საერთოდ არაა საშიში!
დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/3l8IY1R
წყარო: EUvsDisinfo