ჭურჭლის, ფეხსაცმლის, ავეჯის ხარისხზე შესაძლოა, სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს
ჭურჭლის, ფეხსაცმლის, ავეჯის ხარისხზე შესაძლოა, სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პეტიცია უკვე პარლამენტშია წარდგენილი. დოკუმენტი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს ეკუთვნის და მას ხელს 1 001 მოქალაქე აწერს.
როგორც პეტიციაშია აღნიშნული, აუცილებელია, ქვეყანაში სამომხმარებლო (არასასურსათო) ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგინდეს და დაწესდეს უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი.
„მართალია საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული გეგმები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მათი განხორციელება ნელი ტემპებით მიმდინარეობს და შედეგების პროგნოზირება რთულია. ამასთან, ეს გეგმები არ გულისხმობს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლს. ამრიგად, უსაფრთხოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი ისეთი ყოველდღიური მოხმარების ნაწარმი, როგორებიცაა: ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი, ტექსტილი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ავეჯი და სხვა. მოვითხოვთ, პარლამენტმა რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დაწესება, ევროკავშირის მოდელის ანალოგიურად,“-ვკითხულობთ პეტიციაში.