ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი შესრულდა
ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან დღეს, 2021 წლის 25 თებერვალს, 100 წელი შესრულდა.
ამ ტრაგიკულ თარიღს ეძღვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა, რომელიც ეროვნული არქივის ვებგვერდზე გაიხსნა.
„გამოფენაზე „საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი“ წარმოდგენილია ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინათ საქართველოში მომხდარ სამწუხარო მოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის. მათ შორისაა რუკა, რომელზეც ნაჩვენებია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის მარშრუტი, მთავრობის ხელმძღვანელთა მოწოდებები და წერილობითი დოკუმენტები, ომის მიმდინარეობის ამსახველი საგაზეთო პუბლიკაციები, ფოტოები და სხვა. საგამოფენო ექსპონატები ნათლად ასახავენ საქართველოს თავგანწირულად ბრძოლასა და 6-კვირიან საომარ მოქმედებებს თავისუფლების შენარჩუნებისთვის. გამოფენის ექსპონატების ერთი ნაწილით შექმნილია მულტიმედიური გვერდი.
ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ჩატარდა, გამოიცა წიგნები, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი და მულტიმედია გვერდი, გაიმართა გამოფენები მატერიალურ და ციფრულ ფორმატში. ამ მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი“, – აღნიშნავენ ეროვნულ არქივში.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„დღეს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ერთი- ერთი, ძირითადი პრიორიტეტია დეოკუპაცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. ოკუპაცია დროებითია“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.