რა უძველესი არტეფაქტები აღმოაჩინეს თელავის ჭადრაკის სახლის რეაბილიტაცის დროს
თელავში ჭადრაკის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე დასრულდა შენობის გადახურვის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია შიდა და გარე ფასადების რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, სამუშაოები აქამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2019 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილზე აღმოჩნდა უძველესი არტეფაქტები, რომელიც კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს. მისივე თქმით, სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე მოხდა პროექტის კორექტირება.
,,თელავის ჭადრაკის სახლის რეაბილიტაციის პროექტი შევიძინეთ 2018 წელს და სამუშაოები დავიწყეთ 2019 წელს. კონტრაქტის ღირებულება შეადგენს 286 000 ლარს, თუმცა 2019 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილზე აღმოჩნდა უძველესი არტეფაქტები, რომელიც კულტურული მემკიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სპეციალისტებმა შეისწავლეს და დადეს დასკვნა, რომ აქ ჩასატარებელია კიდევ სხვა სამუშაოები.
სწორედ ამის გამო დაკორექტირდა პროექტი. სამუშაოებისას აღმოჩენილი იქნა ძველი ქვევრები, ქვევრისა და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ასევე კედლის დემონტაჟის დროს აღმოჩნდა თაღოვანი სივრცეები და სხვა. უკვე გვაქვს კორექტირებული პროექტი და მუშაობს კონტრაქტორი კომპანია. ზაფხულამდე ეს სამუშაოები დამთავრდება”,– განუცხადა knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,კოლხა 2014,, ასრულებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
უწყების ინფორმაციით, ჭადრაკის სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.