ახალი ამბები

თელავის პროკურატურასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პროკურორს ხვდებიან

თელავის პროკურატურასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ამ წუთებში პროკურორთან შეხვედრაზე საქმის ფიგურანტები იმყოფებიან. სურვილის მიუხედავად, შეხვედრაზე შესვლის უფლება არ მისცეს პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, თუმცა ის აცხადებს, რომ დეტალურად გაეცნობა პროკურატურის მუშაობას აღნიშნულ საკითხზე.

დღეს თელავის პროკურატურასთან ხმაური იყო. პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ და პროკურორ დავით გველესიანთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი თქმით, თელავის ცენტრში მდგარ კარავთან 1-ელ იანვარს მომხდარი ინციდენტი ამ დრომდე გამოუძიებელია.

აქტივისტების თქმით, მომხდარიდან თითქმის ერთი თვე გავიდა სამართალდამცაველებს კი, ამ დრომდე არ ჰყავთ დაკავებული ის პირები, რომლებმაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მიმდინარე წელს მომხდარ ფაქტს რა დროსაც, აქტივისტების მტკიცებით, ავტომობილი მიზანმიმართულად დააჯახეს მათ კარავს.

საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი რამდენჯერმე გამოხატეს.