თელავში ექიმმა დასაკეცი საწოლები შეიძინა და საავადმყოფოსთვის გადააკეთა
თელაველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა დასაკეცი სააგარაკე საწოლები იყიდა და სტაციონარისთვის გადააკეთა.
როგორც დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გადაკეთებულ საწოლებს იმათთვის გამოიყენებენ, ვინც საავადმყოფოში “პროფილაქტიკისთვისაა” მისული და შენობის კედლებში თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს, ხოლო ვისაც საწოლები უფრო სჭირდებათ მათთვის ადგილი გათავისუფლდება.
“გურჯაანის ავეჯის მაღაზიიდან აგარაკის დასაკეცი საწოლები წამოვიღე და თელაველ “სვარჩიკს” სტაციონარის კაპიტალურ საწოლებად თელავის საავადმყოფოსთვის გადავაკეთებინეთ.
მაშინ როცა დანარჩენი საქართველო ატლანტიკის ოკეანეში ზურგქარს ელოდება რომ “ნამდვილი” საავადმყოფოს საწოლებით დატვირთული გემი დროულად შემოვიდეს (გამქრალია დისტრიბუტორებთან, გზაშია), თელავში პირველი პარტია დაიდგმება და კვირის ბოლოსთვის ამ კონკრეტული საავადმყოფოს საწოლ ფონდის 33%-მდე გაზრდას შევძლებთ საჭიროებისამებრ (წინასწარ დარეკვებით არ ხდება ჩაწერა). მთავარი ექიმის და ადგილობრივი “უფროსობის” მიერ მოწონებული და დამტკიცებულია. სხვა თუ არაფერი ვინც “პროფილაქტიკისთვისაა” მისული და საავადმყოფოს კედლებში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს – იმათ მაინც გადავაწვენთ აქ, რათა ვისაც ნამდვილი საწოლები სჭირდებათ გამოუთავისუფლდეთ”,– წერს ექიმი სოციალურ ქსელში.