თელავის საოლქო კომისიამ არჩევნებზე დაწერილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭის ყრის დღეს კახეთში დაწერილი ერთადერთი საჩივარი თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მეათე ოლქის საარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის 22-ე უბანზე დაწერა.
მასში აღნიშნულია, რომ უბანზე მისულ ამომრჩეველს არ უტარდებოდა მარკირების შემოწმება და იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა ამომრჩეველმა ხმა მისცა მარიკრების გარეშე.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი კი აცხადებს, რომ ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, რომელიც მალე გამოსწორდა.
საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო კომისიის წევრს, ნაკადის მომწესრიგებელს არაჯეროვნად შესრულებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.
„სამართლიანი არჩევნების“ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელის”ფაქტიც დააფიქსირეს.
ორგანიზაცია შედეგების გაბათილებას ითხოვდა, რაზეც საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი და იგივე პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს ხმა მისცა 5608 ამომრჩეველმა (11.17%), ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს 44 616-მა (88.83%).
ოპოზიციური ბლოკის მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად მისი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში იყო, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნას.