საოლქო კომისიაში დაძაბულ მდგომარეობას კახა კალაძე გამოეხმაურა
,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესები უნდა შეწყდეს.
„ საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და შემოსული საჩივრების საფუძველზე განხორციელდა 11 საარჩევნო უბნის მონაცემების გადათვლა. პროცედურა წარიმართა საარჩევნო კოდექსის ნორმების სრული დაცვით. მას ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიების წევრები, მათ შორის ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრები, პარტიების წარმომადგენლები, დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების- „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები.
11 უბნის მონაცემების გადათვლამ დაადასტურა, რომ არც ერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება. ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.
სამწუხაროდ, უბნების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე შენობებში რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი ცდილობდა არეულობის შექმნას, მოითხოვდნენ, თითქოსდა, პარტიის წარმომადგენლების დასწრებას, როცა რეალურად ამ პარტიების წარმომადგენლები, მათი უფლებამოსილი პირები შიგნით, საოლქო კომისიებში ისხდნენ და მონაწილეობდნენ გადათვლის პროცესში.
აშკარაა, რომ უბნების გადათვლა და არჩევნების შედეგების ამგვარი დაზუსტება არ შედის მათ ინტერესებში. პირიქით, მონაცემების დაზუსტება ადასტურებს, რომ მათი საუბარი არჩევნების გაყალბებისა და მოპარვის შესახებ, ფარსია და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია.
ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ.
ასეთ ვითარებაში, აშკარაა, რომ მათ მიერ უბნების გადათვლა მხოლოდ არეულობის შექმნის საბაბად გამოიყენება, რასაც ჩვენ წინასწარ ვვარაუდობდით კიდეც და ბევრი ბრიფინგიც გავმართეთ ამის შესახებ.
მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, არავის და მით უმეტეს, კრიმინალური წარსულის მქონე პოლიტიკურ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. კანონის დამრღვევ ყველა პირს მოეთხოვება პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.
მადლობას ვუხდით საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოთმინებისთვის, რომელსაც ისინი ამ დღეების განმავლობაში იჩენენ.
ყველა, ვინც შეეცდება პოლიციელის თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლის ღირსების ხელყოფას, უმკაცრეს პასუხს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო ოლქების პიკეტირებას ახდენს და იმ უბნების ხელახალ გადათვლას თხოვს, რომელიც მათი მტკიცებით, გაყალბებული ხმებს შეიცავს.