არჩევნებიახალი ამბებიბლოგებივიდეორეპორტაჟი

რა ხდება სოფელ ყარაჯალაში

ყარაჯალას საარჩევნო უბნებზე დღეს დილიდან შეინიშნება დაძაბულობა. დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მობილიზაციას. ყარაჯალას საარჩევნო უბნებთან გამოჩნდა ყოფილი დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი, რომელიც ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის ცოლისძმაა.

მეორე მხრივ, თავად ოცნების შტაბში “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, ყოველ პროვოკაციულ ქმედებაზე სამართალდამცველებს კანონის შესაბამისად რეაგირება ექნებათ.

“ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექნის მიზნით ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას.

ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება. დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების შესაძლებლობა გარანტიას გაძლევთ, რომ არ მიეცემათ და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გიორგი ბოტკოველის თქმით, კი ხალხის მობილიზებას სახელისუფლებო პარტია ახდენს.

,,ფაქტობრივად ყარაჯალაში ტარდება სპეცოპერაცია. ბევრი ადამიანი იყო დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების გარეთ. აქ დადიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და სამხედრო პოლიცია. ვერაფერი უშველის ხელისუფლებას. შიგნით უბანზე კი კაბინამდე მიყვებიან მოსახლეობას და ეუბნებიან ვინ შემოხაზონ. თუ ვინმე მუშაობდა სადმე და კახელია ყველა აქ არის ჩამოსული”,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

სოფელ ყარაჯალას საარჩევნო უბნის გარეთ იმყოფებოდა ყოფილი პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილიც.