დევნილთა პრობლემები საქართველოში
27 წლის წინ 27 სექტემბერს აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლ-კარი და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსი მიეღო.
ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა მიმოფანტულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მის ფარგლებს გარეთ. არსებული მძიმე სოციალური ფონის შესაბამისად დევნილთა მდგომარეობაც უმძიმესი იყო – უსახლკარო, უმუშევარი, უფლებაშელახული ადამიანები, სათანადო ყურადღების მიღმა რჩებოდნენ, რომელსაც ნებისმიერი სახელმწიფო და მთავრობა უნდა იჩენდეს მსგავსი კატეგორიის მიმართ. რეალურად დღემდე, ბოლომდე არც საბინაო პრობლემებია მოგვარებული, თანაც უცნობია საბოლოო მოგვარების თარიღიც, არც დასაქმების და მით უფრო, არც იმ მატერიალური და მორალური ზარალის კომპენსაციისა, რომელიც XXI საუკუნეში თითქოს ცივილიზებულ სამყაროში სანატრელი არ უნდა იყოს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან დევნილი ქალები, რომელთა მხრებზეც გადავიდა მიუსაფრობის მთელი სიმძიმე.
იძულებითი მიგრაცია დიდი ხანია გლობალურ პრობლემად იქცა. დღეს მსოფლიოში გაეროს უმაღლესი კომისარიატის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში იძულებით გადასახლებულია 44 მილიონი კაცი, რომელთაგან 15,4 მლნ ლტოლვილია, ხოლო 27,5 მლნ-იძულებითადგილნაცვალი პირი (ისინი ვინც საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდნენ).
ადამიანები მიგრანტებად სხვადასხვა მიზეზთა გამო ხდებიან, ძირითადი კი მაინც საომარი კონფლიქტებია. საბოლოო ჯამში საომარი კონფლიქტების გაჩაღების მიზეზი პოლიტიკოსების არასწორი გადაწყვეტილებების შედეგია, რასაც ემატება ე.წ. მესამე მხარის ინტერესები. კონფლიქტების საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია მსოფლიოს თანამეგობრობისა და მედიის დროული რეაგირება, რათა თავიდანვე აღიკვეთოს საომარი მოქმედებები და დაპირისპირებული მხარეებამდე მიტანილი იქნას რეალური ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება მოყვეს ამ დაპირისპირებას.
ჩვენს დევნილობას წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი, რასაც დაემატა ჯერ სამოქალაქო ომი, შემდეგ კი ერთწლიანი საომარი მოქმედებები აფხაზეთში. უშუქობა უწყლობა, შიში ყოველი დაბომბვის დროს, როდესაც არ გაქვს არავითარი გარანტია, რომ გადარჩები. ბოლოს კი ყველაფრის დატოვება სიცოცხლის გადასარჩენად. დევნილობის პირველ წლები დაემთხვა ქვეყანაში უმძიმეს ეკონომიურ სიდუხჭირეს, რომ არა საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებები ნამდვილად ვერ გადავრჩებოდით. საომარი კონფლიქტების პრევენციის შემთხვევაში კი ამ მასშტაბის დახმარებების საჭიროება აღარ იქნებოდა.
ამ საკითხში უმნიშვნელოვანესია საინფორმაციო საშუალებების აქტიური, პროფესიონალური და მიზანმიმართული საქმიანობა პრობლემების ობიექტურად გასაშუქებლად. მედიასთან ერთად გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონდეს მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
კრიტიკას იმსახურებს წლების მანძილზე ჩვენი მედიის მიერ დევნილთა საჭიროებების პროფესიონალურად გაშუქების საკითხი. მათ ხომ უამრავი პრობლემა ჰქონდათ. ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის, სკოლის გამოცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება. უამრავმა დევნილმა, მათ შორის ეროვნებით ქართველმა, რომლებსაც განათლება რუსულ ენაზე ჰქონდათ მიღებული და შესაბამისად სრულყოფილად არ ფლობდნენ ქართულ ენას, ამ მიზეზთა გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და ლტოლვილად იქცნენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მაშინ არავის ეცალა.
მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და მცირე რიცხოვანი მედია აშუქებდა პრობლემებს, რაც არ იყო საკმარისი საზოგადოების გასათვითცნობიერებლად. ცენტრალური პრესა და ტელევიზიები კი ძირითადად მხოლოდ დევნილთა გამოსახლებების ფაქტებს შერჩევით და სენსაციებს აშუქებდა.
შედეგად არც თუ იშვიათად გვხვდებოდა და დღესაც გვხვდება ფაქტები, როდესაც ადგილობრივი ეუბნება დევნილს – ”რატომ არ ბრუნდებით სახლებში?…”.
იმ მძიმე წლებში, როდესაც ქვეყანას ძალზე მწირი შესაძლებლობები ჰქონდა, დევნილთათვის გარკვეული შეღავათი იყო დაწესებული. უმნიშვნელოვანესი იყო საცხოვრისთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უფუნქციო ფართების დაკავების უფლების მიცემას. არ იყო ღიაობა საერთაშორისო დახმარებების მიზნობრივად გამოყენებაში, არც ადრე და არც 2008 წლის საომარი კონფლიქტის შემდგომ წლებში.
ყველა ხელისუფლება, როგორც წესი, წინა ხელისუფლების სამართალ მემკვიდრეა. 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში კი ასე არ მოხდა. ხელისუფლებამ რუსეთს-საქართველოს ომის დროს დევნილებს აუშენა საცხოვრებელი, (რომელთა ხარისხი ცალკე საუბრის თემაა), თუმცა აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილი კვლავ ყურადღების მიღმაა. შედეგად გაჩნდა ტერმინები შევარდნაძისა და სააკაშვილის დევნილები და ა. შ. არც ეს საკითხი აღმოჩნდა იმჟამად მედიის სათანადო ყურადღების საგანი.
მნიშვნელოვანია მედიის მიერ პრობლემის დროული და პროფესიონალური გაშუქება, ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის, როგორიცაა დევნილების ბინებით დაკმაყოფილება ე. წ. ქულების მინიჭების საფუძველზე, რაც დევნილთა ფართო მასების დიდ გულისწყრომას იწვევს და ხშირ შემთხვევაში არაობიექტურობის საბაბი ხდება.
ავტორი: როზა კუხალაშვილი, დევნილი