მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს
მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს. ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 22 თეთრი ეღირება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის” პროგრამაში ამასთან დაკავშირებით ახალი კომპონენტი ჩნდება.
„დღეს ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა განვიხილოთ, რაც ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერადაა მიმართული. წელს ატმის შესანიშნავი მოსავალი გვქონდა, რომელმაც რეკორდულ ექსპორტულ ციფრებს მიაღწია და საქართველოდან 23 ათას ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 ათას ტონაზე მეტით აღემატება გასული წლის მონაცემებს. როგორც ჩანს, წელს ვაშლის უხვი მოსავალიც გვექნება, და ეს სამჯერ უფრო მეტია, რაც არის დაახლოებით 120 ათასი ტონა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო „დანერგე მომავალი“ და სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა განახლდეს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები საქართველოში, ჯერ კიდევ ბევრია და დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსავლის ერთი კილოგრამი მაინც დაუბინავებელი უნდა დარჩეს. ამიტომ ,,შეღავათიანი აგროკრეტიდის” პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შემსყიდველ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, არცერთი ვაშლი არ დარჩეს შეუსყიდავი. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა. ამ პროგრამის საშუალებით ნებისმიერი გლეხი და ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში არის სერიოზული მხარდაჭერა“, – განაცხადა გახარიამ.