ახალი ამბები

სახელმწიფო პროგრამაში  „დანერგე მომავალი“  ცვლილებები შედის

სტიქიური მოვლენების შედეგად  დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა – პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხალისა და წყალდიდობის შედეგად  დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ფერმერები  პროგრამის „დანერგე მომვალი”  ახალი კომპონენტის ფარგლებში შეძლებენ.

კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად, ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან  ნერგის იმპორტის გზით.   კომპონენტით დაფინანსდება 2020 წლის 15 ივლისიდან სტიქიური მოვლენების შედეგადად დაზიანებული ნერგების ღირებულება სრულად,  პროგრამით დადგენილი სხვადასხვა კულტურის ნერგის თანხობრივი ლიმიტის ფარგლებში.  განხორციელდება, არაუმეტეს, 50ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება.

დაფინანსდება ბაღების კომპონენტით განსაზღვრული ნებისმიერი მრავალწლოვანი კულტურის ნერგი, მათ შორის, ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა). დასაშვებია დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ნერგების ჩანაცვლება სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით. თანადაფინანსება გავრცელდება  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი

დაფინანსების მისაღებად, პოტენციურმა ბენეფიციარმა, სტიქიით სავარგულების დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოში უნდა წარადგინოს პროგრამით დადგენილი  დოკუმენტაცია, მათ შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მრავალწლოვანი კულტურების ბაღების, პლანტაციების, ვენახების   სტიქიით დაზიანების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს დაზიანებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ფართობი, ნერგების რაოდენობა და კულტურა.

ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელიც რეგისტრირებულია „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.