კახეთში სასტუმროების 82%-მა ოთახებისა და ნომრების ფასები შეამცირა
კახეთში სასტუმროების 82%-მა ოთახებისა და ნომრების ფასები შეამცირა, ხოლო 18%-მა ფასები შეინარჩუნა – ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ 2020 წლის ივნისის მესამე-მეოთხე კვირაში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
როგორც მიმოხილვაში წერია, ფასების ცვლილებასთან მიმართებაში კახეთში არსებული განთავსების საშუალებების უმეტესობის მიდგომა ერთმანეთს ემთხვევა.
გამოკითხული სასტუმროების 82%-მა ცვლილება შეიტანა საფასე პოლიტიკაში და ბაზარს შემცირებული ფასით დაუბრუნდა. მხოლოდ 18%-მა შეინარჩუნა იგივე საფასო პოლიტიკა, რაც მაღალი სეზონისთვის პანდემიამდე პერიოდში ჰქონდათ განსაზღვრული.
კვლევის მიხედვით, მთლიანობაში კახეთის განთავსების საშუალებებში მიმდინარე სეზონზე ოთახებისა და ნომრების ღირებულებამ 37%-ით იკლო. გამოკითხული ჰოტელიერების თქმით, ინდივიდუალურად სასტუმროებში 15%-დან 60%-მდე ფასთა კლება აღინიშნება.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სასტუმროების უმეტესობა სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს და აქციებს სთავაზობს, იქნება ეს ფასდაკლების ვაუჩერი, ბანკებთან კოლაბორაციით სპეციალური პირობები მომხმარებლებს, თუ 2+1 (დღის) აქციები.
რაც შეეხება გასულ წელს, გამოკითხული სასტუმოების წარმომადგენლების თქმით, 2019-ში ოთახის საშუალო ღირებულება მაღალ სეზონზე – 261 ლარს, ხოლო დაბალ სეზონზე 182 ლარს შეადგენდა.