ახალი ამბები

NDI – გამოკითხულთა 76 % ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ნატოში გაწევრიანებას კი, 69 %

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში აღნიშნულია, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 76 %, ხოლო ნატოში გაწევრიანებას 69 %. ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8 პროცენტისთვის, ხოლო ნატოში გაწევრიანება, 11 პროცენტისთვის.

ამასთან, 18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 66 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით), ამავეს ეთანხმება 35-დან 54 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 59 პროცენტი, 55 წლის ზემოთ გამოკითხულების კი, 53 პროცენტი.

18-დან 34 წლამდე ასაკის გამოკითხულთა შვიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, იმავეს ფიქრობს 35-დან 54 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 11 პროცენტი, 55 წლის ზემოთ კი 14 პროცენტი.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2 პროცენტს.