სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მისივე განცხადებით კორონავირუსით ინფიცირებულ 10 თვის ბავშვს, განმეორებითი ტესტირების შედეგად ვირუსი არ დაუდასტურდა.
მისივე განმარტებით, არც ბავშვთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ კორონავირუსი.
ეპიდემიოლოგების თქმითვე, სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის კლასტერი აღარ არსებობს.
,, კორონავირუსით დაინფიცირებული 10 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და დედასთან ერთად იმყოფება კარანტინში. გარდა ამისა, ბავშვთან კონტაქტში მყოფ არც ერთ პირს კორონა ვირუსული ინფექციის არსებობა არ დაუდასტურდა. ყარაჯალაში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია მშვიდია და კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, კარანტინის სივრცეებში იმყოფება 122 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 23 პირი.