კახეთში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
კახეთში ხორბლის და ქერის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 71, 000-მდე ჰექტარს, ხოლო ქერის – 22,000ჰა-ზე მეტს შეადგენს.
მისივე თქმით, წელს ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი 150 ათასი ტონა, ქერის კი 70-80 ათასი ტონაა.
,, მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად ხორციელდება. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს, წინა წელთან შედარებით, მოსავალი უფრო ნაკლებია. მოთხოვნა არის როგორც ქერზე, ისე ხორბალზე; ქერის ფასი 65 თეთრია, ხორბლის – 60 თეთრზე მეტი.
ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდში, მოსავლის აღების პერიოდში ფიქსირდებოდა. შესაბამისად, წელს ფერმერებისთვის ეკონომიკურად საინტერესო წელია. ვფიქრობ, სეზონი იქნება წარმატებული, რაც იმის დასტურია, რომ დარგი ვითარდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კახეთის მხარის რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომბაინების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ ხორბლის და ქერის აღება და დაბინავება უპრობლემოდ მოხდეს.
,, კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო და შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 100 ერთეული კომბაინი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.