რუსმა მესაზღვრეებმა ყვარელში მცხოვრები ახალგაზრდა გაათავისუფლეს
რუსმა მესაზღვრეებმა ორკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა, 23 წლის მწყემსი დავით ვარდოშვილი გაათავისუფლეს.
დავით ვარდოშვილი საქართველოში გვიან ღამით გადმოიყვანეს და ის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.
ახალგაზრდა რუსმა მესაზღვრეებმა 3 ივნისს, ყადორის მთაზე საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავეს.
ადვილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა 23 წლის დავით ვარდოშვილი და მისი მეზობელი ლევან ბაწილაშვილი საქონელს აძოვებდნენ.
სოფელში მცხოვრებლების თქმით, ბაწილაშვილმა საფრთხე შენიშნა და გაქცევა მოასწრო, ვარდოშვილი კი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოხდა მყისიერი რეაგირება. პროცესში ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.