ბიზნესლიდერთა ფედერაციამ ადგილობრივი ტურიზმის მხარდასაჭერად კახეთში შეხვედრა გამართა
ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით დიპლომატიური კორპუსის ქალ წარმომადგენლებს კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში უმასპინძლეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ერთის მხრივ, ეს წარმოადგენდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ფედერაციის ხელმძღვანელებსა და საქართველოში აკრედიტირებულ ქალ ელჩებს შორის, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მეორეს მხრივ კი, შეხვედრა ემსახურებოდა პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული დარგის, ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიაზიას.
ქედელში, ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის ია თაბაგარის მიერ დაფუძნებული რანჩო- Lost Ridge Inn, Brewery & Ranch საცხენოსნო ტურზმის ადგილია, რომელიც ტურისტებს კახეთის მასშტაბით საცხენოსნო ტურებს სთავაზობს.
რანჩოში განთავსებულია ასევე სასტუმრო და ღია კაფე.
ფედერაციაში აცხადებენ, რომ სამომავლოდ კიდევ გეგმავენ მსგავსი ტიპის აქტივობებს რეგიონების პოპულარიზაციის და ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით.