კახეთში ყოველთვიურად რისკჯგუფში შემავალი 10 000 ადამიანის ტესტირება მოხდება
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის #975 განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და გასატარებელი ღონისძიებები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახურისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები.
დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მიზნობრივი ტესტირების რისკჯგუფები გაფართოვდა და კახეთის რეგიონში ყოველთვიურად მასში შემავალი დაახლოებით 10 000 ადამიანის ტესტირება მოხდება.
„მიზნობრივი ტესტირების რისკჯგუფები გაფართოვდა და დაემატა ის სხვა ჯგუფები, რომელთა აღრიცხვა მოხდება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ატარებენ მონიტორინგს და ახორციელებენ ტესტირებას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე.
ასევე მონაწილეობდნენ: მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მათ მოგვაწოდეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც ექვემდებარებიან ტესტირებას.
განისაზღვრა შესაბამისი კონტიგენტი და ეს რიცხვი დაახლოებით 10 000-ის ფარგლებშია, თუმცა ეს რაოდემობა შეიძლება დაკორექტირდეს, იმის მიხედვით, როდესაც საბოლოო სიები გვექნება“ – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს რისკჯგუფებში შემავალი პირების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი, რათა არ გაიპაროს კორონავირუსის შემთხვევა.
„რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დაიგეგმა საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თითოეული ადამიანი, რომელიც შედის რისკჯგუფში და ეს ეხება სამედიცინო პერსონალს, სამართალდამცველებს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, საკარანტინე სივრცეებში მომუშავე პერსონალს, მეხანძრე-მაშველებს და ა.შ. თითოეული ეს ადამიანი პერიოდულად იქნება ტესტირებას დაქვემდებარებული.
ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულების გამო არის რისკის ქვეშ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი, რათა არ გაგვეპაროს კოვიდის შემთხვევა ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანებს შორის“- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.