ახალი ამბებისტატიები

კახეთში საარჩევნო შტაბების დაკომპლექტება მიმდინარეობს

საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და წინასაარჩევნო აგიტაციის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა უკვე საუბარია დეპუტატობის შესაძლო კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებზე.
პოლიტიკური პარტიების უმეტესობა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა მათი ნაწილი თვეზე მეტია აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვარდოშვილი განმარტავს, რომ პარტიის ოფისი 3 თვეა რაც აქტიურად ფუნქციონირებს. მისივე თქმით, ვინ უხელმძღვანელებს საარჩევნო შტაბს ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის.
,,შტაბი უკვე მოქმედებს და რამდენიმე თვეა კახეთის რეგიონული ოფისი გახსნილია. საარჩევნო რეჟიმში ვართ ამ კუთხით. მე ვარ პარტიის კახეთის რეგიონული თავმჯდომარე და შტაბის ხელმძღვანელიც ალბათ მე ვიქნები. თუმცა ოფიციალურად როცა გამოცხადდება საარჩევნო კამპანია, მაშინ გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოზიციას’’,-განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარე, შაქრო ტერტერაშვილი განცხადებით პარტიის ოფისი აქტიურად მუშაობს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო წლებში.
შაქრო ტერტერაშვილი განმარტავს, რომ ისინი არჩევნების ჩატარების ოფიციალური თარიღის გამოცხადებას და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე გადაწყვეტილებას ელოდებიან და შემდეგ იმსჯელებენ რა ფორმით განახორციელებენ წინასაარჩევნო კამპანიას.
,,ჯერ არ ვიცით რა საარჩევნო სისტემა იქნება. ივანიშვილმა რამდენჯერმე გადააგდო ხალხი და ახლაც არ არის გამორიცხული ეს მოხდეს. შეიძლება დარჩეს ისე როგორც არის და შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უნდა შეიცვალოს. შემდეგ გადაწყდება სად გაიხსნება საარჩევნო შტაბი და ვინ უხელმძღვანელებს’’,-განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას შაქრო ტერტერაშვილმა.
პოლიტიკურ პარტიებს შორის აქტიურობით მმართველი პარტია გამოირჩევა. გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის მიერ უკვე შერჩეულია კანდიდატები, რომლებიც კახეთში საარჩევნო შტაბებს უხელმძღვანელებენ.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მოიაზრება თელავში საარჩევნო შტაბის უფროსად. პლატონ კალმახელიძე აღნიშნულ ინფორმაციას არ უარყოფს და აცხადებს, რომ ოფიციალურად მუშაობას პარტიის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს.
,,გიდასტურებთ იმას, რომ პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყველტილება მიიღო და საარჩევნო შტაბს თელავში ვუხელმძღვანელებ მე. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება საშტაბო აქტიური მუშაობა, ერთანი საქართველოს მასშტაბით გადაწყვეტს პარტიული ხელმძღვანელობა’’,- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
მმართველმა პარტიამ გარდა თელავისა, კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწტო საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელების დანიშვნა. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო შტაბებს, დედოფლისწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოქმედი მერები უხელმძღვანელებენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კი შტაბს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ვანო მირიანაშვილი უხელმძღვანელებს. ,,დავინიშნე შტაბის უფროსად და უკვე შევუდექი საქმიანობას- განაცხადა მირიანაშვილმა.
საარჩევნო შტაბს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, რომან მუჩიაშვილი ჩაუდგება სათავეში, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შტაბის ლიდერი, მერის მრჩეველი, ლერი გელენავა იქნება.
მოქმედი მერების, საარჩევნო შტაბის უფროსად დასანიშნად, კონსულტაციები მიმდინარეობს ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კახეთის რეგიონს პარლამენტში, მოსახლეობის მიერ არჩეული, ორი წარმომადგენელი ეყოლება.
გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო ” დეპუტატობის კანდიდატებად, კახეთის მოქმედი გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილისა და გურჯაანის მაჟორიტარის დავით სონღულაშვილის წარდგენას აპირებს.